"სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

"სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შსს-თან დავის თემას წარმოადგენდა, პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებასთან და უცხო ქვეყნის უკანონო ფორმირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ პროექტს 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 32-მა მისცა.

"სისხლის სამართლის კოდექსს" 239/1 მუხლი ემატება, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის. კერძოდ, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება იქნება "ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს".