რიგის სამიტზე საქართველომ შესაძლოა პროგრესს ვერ მიაღწიოს

რიგის სამიტზე საქართველომ შესაძლოა პროგრესს ვერ მიაღწიოს

საქართველომ შესაძლოა ვერავითარ პროგრესს ვერ მიაღწიოს ევროკავშირის რიგის სამიტზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განცხადების პროექტში, რომლის მიღებასაც ევროკავშირი აპირებს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესის შესახებ საუბარი არ არის.დოკუმენტი, სადაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა არა აქვს "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ჟურნალისტმა მოიპოვა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ამ ინფორმაციას არ ფლობენ.

"ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას. განცხადების პროექტი ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა მოიპოვა. ტექსტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია „თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება“, აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვაში 2013 წლის სამიტზე მიიღეს. საქართველომ, ისევე როგორც მოლდავეთმა და უკრაინამ, 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მოსკოვის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, განცხადების პროექტი გაუგზავნეს აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, რიგის სამიტამდე შესაძლო ცვლილებების შესათავაზებლად. სამიტი 21-22 მაისს გაიმართება,"-წერს "რადიო თავისუფლება".