ისე იქცევიან როგორც პატარა ბავშვები, რომლებიც ხან იბუტებიან, ხან დედა მოენატრებათ, ხან შვილი

ისე იქცევიან როგორც პატარა ბავშვები, რომლებიც ხან იბუტებიან, ხან დედა მოენატრებათ, ხან შვილი

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული ჩატარდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მაია ფანჯიკიძემ კომენტარი გააკეთა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

"ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით კატასტროფული სიტუაციაა. ამ ვითარებაში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ნამდვილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ქვეყანა ასეთ ეკონომიკურ სიდუხჭირემდე მივიდა. რაც შეეხება დე ფაქტო პრემიერ მინისტრს, რასაკვირველია, მისი ადგილი ამ მთავრობაში აღარ არის და საერთოდ მთელი მთავრობა უნდა წავიდეს, როგორც ჩვენ ამას ვითხოვდით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ ტექნიკური მთავრობის მსგავსი დაინიშნება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს და შედარებით წყნარად 2016 წლის არჩევნებამდე მიიყვანს.

"ეს იქნებოდა იდეალური, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში მთავრობა ისევ იგივე შემადგენლობით შევიდეს, როგორიც იყო. პარლამენტის უმრავლესობის წევრი რომ ვიყო, ამას შეურაცხყოფად მივიღებდი. თუ ამას გააკეთებენ, ეს ხალხის დაცინვა იქნება. ეს არის უსირცხვილო ხალხი, რომელსაც ვერ გაუთვითცნობიერებიათ, სად სხედან, რისთვის აირჩია საქართველოს მოსახლეობამ და იქცევიან, როგორც პატარა ბავშვები, რომლებიც ხან იბუტებიან, დედა მოენატრებათ, ხან შვილი მოენატრებათ და არ იციან, რატომ არიან იქ. რა უნდა გააკეთონ და რა ევალებათ. მაგათ ჰგონიათ, რომ მთავრობაში ყოფნა საკუთარი სურვილით რომელიმე კლუბში გაწევრიანებაა. აღშფოთებული ვარ, რაც ხდება ამ ბოლო კვირების მანძილზე. რაც ხდება, სწორი რეაგირება სჭირდება. თუ არ გააკეთებს ის, ვისი პასუხისმგებლობის ქვეშაც არის ეს ყველაფერი, ამას ხალხი გააკეთებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა საკითხზე, მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, თუკი პარლამენტი მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

"უმრავლესობის პასუხისმგებლობაზე და ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. თუ ივანიშვილს უნდა, რომ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ამას მივიღებთ, რადგან უმრავლესობა ისე მოიქცევა, როგორც ის იტყვის", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.