„მინდა პრეზიდენტს და პარლამენტს მივმართო, რომ ამ კვირაშივე მოხდეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება“

„მინდა პრეზიდენტს და პარლამენტს მივმართო, რომ ამ კვირაშივე მოხდეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყანაში უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ვიზიტები იგეგმება, ასევე მოახლოვებულია რიგის სამიტი.

ამიტომ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების საკითხი რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.

„სწორედ ამ ობიექტური გარემოებების და მიზეზების გათვალისწინებით, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ჩემს მიერ მოყვანილი ვიზიტების, რიგის სამიტის და EBRD-ის ღონისძიებების გათვალისწინებით, მე მინდა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს მივმართო თხოვნით, რომ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს და ამ კვირაშივე, თუ ეს შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურები კანონის შესაბამისად.  პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მთავრობას და პოლიტიკური გუნდი ჩვეულ ტემპში გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა და რეფორმები. ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა და ამ საკითხების ერთიანი ძალისხმევით გადაწყვეტა“, - განაცხადა ღარიბშვილმა.

ლევან ყიფიანი რიგით მეშვიდე მინისტრია, რომელმაც შარშან ზაფხულში მთავრობის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების შემდეგ თანამდებობა დატოვა. კონსტიტუციის მიხედვით დღეიდან მთავრობა გადამდგარია, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა და მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღება სჭირდება - პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, გარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა, თანამდებობა დატოვეს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.