ყველაფერი, რაც დღეს ხდება განპირობებულია იმ რეალური პოლიტიკური კრიზისით, რაც ქვეყანაში არსებობს, - ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძის შეფასებით, ეკონომიკაზე გავლენა შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მოახდინა. მისი თქმით, "როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ ქვეყანა კულუარებიდან, სრულიად გაუგებარი – შუასაუკუნეობრივი ფეოდალური მექანიზმებით იმართება და ადგილი აქვს შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებას, ეს მასზე გავლენას ახდენს.
"დიახ, ქვეყანაში არის ეკონომიური კრიზისი, არის ფინანსური კრიზისი. არ გამოვრიცხავ გარე ფაქტორების ზემოქმედებას, უდავოდ იყო ეროვნული ბანკის დაგვიანების ფაქტორი, მაგრამ ეს მეორადი ფაქტორია და არა პირველადი. პირველად ფაქტორად ვიტყოდი იმას, რომ დღეს ქვყენაში არის გაცილებით ფართო – უმძიმესი, ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც თავის მხრივ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ეს არის აბსოლუტურად უუნარო ხელისუფლება, არის დაპირისპირება ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის, დაპირისპირება თავად გუნდის შიგნით, რაც არასტაბილურობის განცდას ქმნის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.