საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, ნორმალური მთავრობის პირობებში ქვეყანა რეგიონული პრობლემების მის სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებდა.
"მსოფლიოში არასდროს არის საყოველთაო კეთილდღეობა. ყოველთვის არსებობს რეგიონული პრობლემები. ნებისმიერი ნორმალური მთავრობისათვის რეგიონული პრობლემა ამავე დროს არის შესაძლებლობა. ბევრი ინვესტორი მიდის რუსეთიდან სანქციების გამო, ბევრი ინვესტორი მიდის უკრაინიდან ომის გამო. ჩვენ რომ დღეს ნორმალური მთავრობა გვყავდეს, ქვეყანა რომ კარგ ფორმაში იყოს, ძალიან ბევრი ინვესტორისთვის, რომელიც რუსეთიდან და უკრაინიდან მიდის, მაგრამ უნდა რეგიონში დარჩენა, საქართველო მიმზიდველი წერტილი იქნებოდა. ნორმალური მთავრობის პირობებში, რეგიონულ პრობლემებს ჩვენ პირიქით გამოვიყენებდით - ქვეყნის გაძლიერებისთვის, რაც დღეს იმის გამო არ ხდება, რომ საქართველოს ჰყავს უუნარო ხელისუფლება, რომელიც ვერაფერს სთავაზობს ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც უცხოელ ინვესტორებს, გარდა ქაღალდზე დაწერილი გაყალბებული ციფრებისა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ გადაცემა "არჩევანში".
მისივე შეფასებით, ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება და სწორედ ამის შედეგია ლარის გაუფასურება.