გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არც უარყოენ და არც ადასტურებენ. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.
როგორც ცნობილია, გუშინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე, ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ლევან ყიფიანზეც იყო საუბარი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრეტენზიებზე, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მისამართით აქვს.
არსებული ინფორმაციით, გუშინ ყიფიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა და ითქვა, რომ თუკი კომიტეტის პრეტენზიები და უკმაყოფილების მიზეზები ობიექტურია, ის უნდა გამოსწორდეს, ან მინისტრმა დაასაბუთოს, რომ ხარვეზები, რომელთა თაობაზეც პარლამენტის კომიტეტი საუბრობს, არ არსებობს.
ლევან ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.