უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, საქართველოში შვეიცარიის ელჩის განცხადებაზე სასამართლომ რეაგირება უკვე დაიწყო.
გვენეტაძის თქმით, სპეციალურმა სტრუქტურამ ამ კატეგორიის ყველა საქმის შესწავლა და განზოგადება დაიწყო.
"მე დავადასტურებ იგივე განცხადებას, რაც რამდენიმე დღის წინ გავაკეთე. სასამართლომ ელჩის განცხადებაზე რეაგირება აქტიურად დაიწყო, რაც ამ ტიპის დავების განზოგადებას და შემოწმებას ნიშნავს. ჩვენ სპეციალური სტრუქტურის მეშვეობით ყველა ამ კატეგორიის საქმის შესწავლა და განზოგადება დავიწყეთ. ვფიქრობთ, სამართალწარმოების პროცესში გამოკვეთილ რაიმე ხარვეზთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების პროცესის გასაუმჯობესებლად, ჩვენ სასამართლო კორპუსისთვის რეკომენდაციები და წინადადებები გვექნება", - განაცხადა გვენეტაძემ.
საქართველოში შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ, საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე გავლენას ახდენს.
შვეიცარიის ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს ტენდენცია და გაგრძელდეს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო ქვეყანაში.