პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ნინო გვენეტაძესთან შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს.
პრემიერის თქმით, მისთვის საამაყოა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალბატონი აირჩიეს და ამ ფაქტს ძალიან დიდ მიღწევას უწოდებს.
"ეს რა თქმა უნდა უფრო მეტ ნდობას გააჩენს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა და მე ვიტყოდი მონაპოვარია ის, რომ სასამართლო მთავრობის ჩარევისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი გახდა. ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა მოსამართლეებთან და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ მიდგომებს და გვაქვს ერთიანი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და რაც მთავარია გამჭირვალე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოსახლეობის მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა განმტკიცდეს და ძალიან მყარი გახდეს. ამ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ფინანსურ საკითხებსაც და პრემიერ-მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღნიშნულ საკითხებში შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ დახმარებას დაპირდა.
"ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენ მოსამართლეების ხელფასები გავზარდეთ, ვუზრუნველყავით მათი ფინანსური სტაბილურობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა თავი დაცულად იგრძნონ. ვისაუბრეთ ასევე ხარვეზებზე, რომელიც წლების განმავლობაში ამ სისტემაში იყო დაგროვილი და ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ქალბატონი ნინო, თავის გუნდთან ერთად შეძლებს, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ რეალურად ნდობა გაჩნდეს და სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი, გამჭირვალე გახდეს", - განაცხადა პრემიერმა.