უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მთავრობას საერთო სასამართლოების ბიუჯეტის გაზრდის თხოვნით მიმართავს.
როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსური საკითხი ერთ-ერთი იყო, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
"სასამართლო კორპუსთან - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად, ბატონ ირაკლისთან შეხვედრის დროს ძირითადად საუბარი გვქონდა სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით. ის "საერთო სასამართლოებისა" და "ორგანული კანონის" შესახებ ძირეულ ცვლილებებს მოიცავს. ასევე ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასაც. ჩვენ საკითხების შესახებ გავცვალეთ პოზიციები და დავაფიქსირეთ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა და პოზიცია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიმართვა პრემიერისადმი ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება სასამართლოს შენობის გაფართოებას - განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პირველი ინსტანციის თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, ასევე სასამართლოს ხელმისაწვდომობის საკითხებზე, მოსამართლეთა გადატვირთულობაზე, დარბაზების სიმცირესა და ა.შ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე დაისვა ასევე მოსამართლეთა რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხი, რაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, სასამართლოს ხელმისაწვდომობას და მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილების რეალურ შესაძლებლობებს შექმნის.
"ვისაუბრეთ ასევე მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფასა და კომპენსაციის საკითხებზე და ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, რომ მივიღეთ მხარდამჭერი პასუხები", - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაპირდა, რომ მთავრობა სასამართლოს ხელმძღვანელობას ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებაში მაქსიმალურად დაეხმარება.
"შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს მოსამართლეებს ხელფასები გაეზარდათ, ჩვენ ვუზრუნველყავით მათი ფინანსური სტაბილურობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა თავი დაცულად იგრძნობ. სწორედ ამიტომ, შევპირდი ქალბატონ ნინოს, რომ მაქსიმალურად აღმოვუჩენთთ დახმარებას ფინანსურ საკითხებში", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა.