პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეფექტური მინისტრების, მათ შორის მთავრობიდან ახლახანს წასული ადამიანების დამსახურებაა.
პრემიერის განმარტებით, იმ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა და განსაკუთრებით რეგიონი იმყოფება, პირველ კვარტალში დაფიქსირებული 3.1%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან სერიოზული მაჩვენებელია.
"მარტში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4.1% იყო. ეს ძალიან სერიოზული ზრდის მაჩვენებელია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზოგადად მთელი ევროპა, სოფლის ეკონომიკა და განსაკუთრებით რეგიონი იმყოფება. მინდა გითხრათ, რომ პირველი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 3.1% შეადგინა. გადახედეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ნახავთ, რომ ეს მართლაც გამონაკლისია. ეს სწორედაც ჩვენი ეფექტური მინისტრების დამსახურებაა, ისეთების როგორიც იყო მაგალითად დავით შავლიაშვილი, რომლის უწყების ბიუჯეტის შესრულებაც პირველ კვარტალში 107% იყო. ასევე სხვა სამინისტროების დამსახურებაა. ფინანსთა სამინისტრომ ძალიან კარგად იმუშავა. საგადასახადო შემოსავლებმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 13.2%-ით გადააჭარბა. ასე რომ, ზრდა არის სტაბილური", - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ლარის კურსს, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს რეგიონში მიმდინარე მოვლენების და მასთან დაკავშირებული პროცესების ანარეკლია.
"ეს რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული. ეს არის რეგიონში მიმდინარე პროცესების ანარეკლი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.