"თუ საჭირო იქნება მთავრობის გადამტკიცება და ხელახალი ნდობის მოპოვება, არც ესაა პრობლემა"

პრეიმიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით თუკი მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება, ამაში განასკუთრებული არაფერი იქნება და პარლამენტის მხრიდან პრობლემა არ შეექმნებათ.

პრემიერმა 2014 წლის ივლისში 7 მინისტრის შეცვლის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა.

"სულ ტყუილად ატეხეთ აჟიოტაჟი. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ნუ ეცდებით ხელოვნურად რაღაც არასტაბილურობის განცდა გააჩინოთ. თუ საჭირო იქნება მთავრობის დამტკიცება და ხელახალი ნდობის მოპოვება, არც ესაა პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გამჭირვალე, ერთი გუნდი და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ივლისშის გამოვცვალე 7 მინისტრი და პარლამენტში ხელახალი ნდობაც მოვიპოვე. ეს ყველაფერი არის კონსტიტუციის მიხედვით, აბსოლუტურად დემოკრატიული, გამჭირვალე და რაც მთავარია მუშა პროცესი. მთავრობა მუდმივად განახლებას საჭიროებს. საჭიროა განახლება, წინსვლა და ასე ვთქვათ, მუდმივი მოძრაობა. ასე რომ, სასკანდალო არაფერია. ყველაფერი ძალიან კარგადაა, არაფერი სერიოზული არ ხდება. ერთი მინისტრი წავა, მეორე დაინიშნება. შეიძლება სხვა მინისტრიც წავიდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სპორტის კომიტეტის პრეტენზიების გამო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის შეცვლაზე დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებს მოვლენების განვითარებისთვის დალოდება ურჩია.

"დაელოდეთ. ყველაფერს გაიგებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.