თავად როინ ასანიძემ გამოთქვა სურვილი, რომ მისი დნმ-ს შესწავლა მომხდარიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პროკურატურამ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის პასუხებსაც პროკურატურა უახლოეს მომავალში გაავრცელებს.
"განცხადებები, რომლებსაც სოსანაშვილი და მისი ადვოკატი აკეთებენ, არის ცალსახად ტყუილი. მივიღეთ მხედველობაში თვითონ ასანიძის სურვილი. ყველამ წარმოვიდგინოთ თავი მის ადგილზე, როდესაც სრულიად ცარიელ ადგილზე უსაფუძვლოდ გადანაშაულებენ და გაბრალებენ ასეთ მძიმე ფაქტს. საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საკითხზე და შესაბამისად პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, პასუხი გაეცა ამ კითხვებზე, ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, აბსურდია ასევე იმის მტკიცება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა.
"სოსანაშვილის განცხადებები არის აბსურდი იქიდან გამომდინარე, რომ დნმ-ის პროფილი დადგენილი იყო უკვე 2015 წლის 24 თებერვალს. ამ დნმ-ის პროფილებთან მოხდა 46 მოქალაქის დნმ-ის შედარება. სოსანაშვილის დაკავება მოხდა მარტის დასაწყისში, დნმ-ის პროფილების დადგენიდან ორი კვირის შემდეგ. იმის მტკიცება, რომ ამ დნმ-ის ჩადება მოხდა, არის აბსურდი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდნენ გამომძიებლების გარდა დაზარალებულების ოჯახის ადვოკატები, ოჯახის მიერ მიწვეული ექსპერტები და კრიმინალისტები. ამდენი ადამიანის თანდასწრებით მოხდა ყველა ნივთმტკიცების ამოღება, დალუქვა და საექსპერტო ბიუროში გადაგზავნა", - განაცხადა შოთაძემ.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა, სოსო ჯოგლიძემ გუშინ განაცხადა, რომ პროკურატურამ დააკმაყოფილა გია სოსანაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა და გენინსპექციის სამმართველოს უფროსს, როინ ასანიძეს დნმ-ის ნიმუში აუღეს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, თუკი დადასტურდება, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას აღებული დნმ-ის ნიმუში დაემთხვევა გენინსპექციის სამმართველოს უფროსის დნმ-ს, იგი გია სოსანაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.
რამდენიმე დღის წინ სოსანაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, პროკურატურის გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა, როინ ასანიძემ დნმ-ის ნიმუში საკუთარ კაბინეტში აუღო სოსანაშვილს, შემდეგ კი ე.წ. სკოჩის მეშვეობით დნმ-ის კვალი დატოვა აფეთქების ადგილას. ადვოკატი აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნულის შემდეგ საფლავთან შემთხვევით დარჩა ასანიძის კვალიც და ის დნმ-ის ნიმუში, რომლის იდენტიფიცირებაზეც პროკურატურა მუშაობს, სწორედ ასანიძეს ეკუთვნის.