მთავარი პროკურორის შერჩევაზე გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში მაინც პარლამენტი იღებს

მთავარი პროკურორის შერჩევაზე გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში მაინც პარლამენტი იღებს

საუბარი იმაზე, რომ მთავარი პროკურორის შერჩევას მხოლოდ მთავრობა განახორციელებს, არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შოთაძის თქმით, მთავარი პროკურორის დანიშვნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

"წარმოდგენილი მოდელის შესაბამისად მთავარი პროკურორის შერჩევაში მონაწილეობს პროკურორთა საბჭო, სადაც იქნებიან გაწევრიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები, რიგითი პროკურორები, მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი იღებს. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავრობა იღებს და მხოლოდ მთავრობა მონაწილეობს შერჩევის პროცესში, არასწორია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების განცხადებას, რომ მთავარი პროკურორი პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინოს, როგორც შოთაძემ განაცხადა, ეს ვერ მოხდება, რადგან წარმოდგენილი ცვლილებები ხდება კონსტიტუციის ფარგლებში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს უფლებამოსილება პრეზიდენტს მიენიჭება, ეს კონსტიტუციას შეეწინააღმდეგება.

"ეს ცვლილებები იგეგმება კონსტიტუციის ფარგლებში, შესაბამისად ისეთი მოდელი, სადაც პრეზიდენტი მთავარ პროკურორს წარადგენს, ვერ შემუშავდება ამჟამინდელი კონსტიტუციის შესაბამისად", - განაცხადა შოთაძემ.