უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესზე იმსჯელეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესზე იმსჯელეს

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესის შესახებ იმსჯელეს.

იუსტიციის სამინისტრომ ის მოდელი გამოაქვეყნა, რომელზეც საბჭო მუშაობს. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, იუსტიციის მინისტრის მიერ შეთავაზებული სიახლე არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და წელსვე ითვალისწინებს ეფექტურად და სწრაფად პროკურატურის რეფორმირებას.

წარმოდგენილი ინიციატივით პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე. საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში შევლენ იუსტიციის მინისტრი – საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი პროკურორის მოადგილე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები, წევრი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წარდგენილი კანდიდატებიდან და სამი პროკურორი, რომელთაც საქართველოს პროკურორთა კონფერენცია დაასახელებს.

საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ოთხი წლით განისაზღვრება. საბჭოს ექნება უფლება დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარადგინოს მთავრობისთვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.        წარმოდგენილი ინიციატივით მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი. საბჭო ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარედგინება მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს.

მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება ექვსი წელი.

მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, რის შემდეგაც დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც 2 თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს დასკვნას, ჩაიდინა თუ არა მთავარმა პროკურორმა დანაშაული. თუკი დასკვნა ამ ფაქტს არ დაადასტურებს, მთავარი პროკურორის იმავე ქმედების გამო მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ხელმეორედ შეიძლება გაიტანონ საპროკურორო საბჭოზე 6 თვის შემდეგ. თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას. მთავრობა დანაშაულის სავარაუდო არსებობის დადასტურების შემთხვევაში მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, იმავე ორგანოში საკითხის დაყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, ხოლო თუკი საპროკურორო საბჭო, მთავრობა ან პარლამენტი 6 თვის შემდეგ არ განიხილავს იმავე ქმედების გამო მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ან განიხილავს ან არ დაუჭერს მხარს, საქმე დახურულად ჩაითვლება.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მთავრობას კანონპროექტის სახით მომავალ ხუთშაბათს წარედგინება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ მოდელში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები საბჭოს შემადგენლობის შენიშვნებიდან გამომდინარე.

წულუკიანის განმარტებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში შესაძლოა პარლამენტი აღარ იყოს ჩართული და საკანონმდებლო ორგანომ მონაწილეობა მხოლოდ დამტკიცების პროცესში მიიღო.

"თუკი ჩვენ ვფიქრობდით, რომ პარლამენტი ყოფილიყო თავიდანვე ჩართული კანდიდატის შერჩევაში, თავად პარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს მათ თავიდანვე არ სჭირდებათ, შემდეგ ჩაერთვებიან ამ პროცესში და სჯობს, რომ პარლამენტისგან პროცესი თავიდან თავისუფალი იყოს. ასევე საუბარია იმაზე, თუ როგორი უმრავლესობით აირჩეს მთავარი პროკურორი", - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის მხრიდან მთავარი პროკურატურის საქმიანობაზე ზედამხედველობას, წულუკიანის განმარტებით, ამჟამად არსებული კანონი უნდა გამოსწორდეს.

"ამჟამად იუსტიციის მინისტრი ზოგადად ხელმძღვანელობას ახორციელებს პროკურატურის ორგანოებზე. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის შემდეგი: წინა ხელისუფლების დროს, რა თქმა უნდა, ცუდი იყო რომ არსებობდა ზედმეტად ძლიერი მონსტრი – იუსტიციის მინისტრის ინსტიტუტი, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი რეფორმა, როდესაც იუსტიციის მინისტრი იქნება უძლური. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შუალედის დაცვა. თანამდებობის პირი უნდა იყოს ძლიერი, უნდა ჰქონდეს ბერკეტი, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მათზე შემდგომ პასუხი აგოს. ახლანდელი მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი იუსტიციის მინისტრს არ აძლევს საშუალებას პასუხი აგოს რამეზე, ხოლო დღევანდელი კანონი, რომელიც კბილაშვილმა თუ ნაცვლიშვილმა შეიმუშავა, ასევე არ აძლევს იუსტიციის მინისტრს საშუალებას, რომ პროკურატურის თაობაზე ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას. მათ ჩაწერეს, რომ იუსტიციის მინისტრს ეკრძალება რაც კი რაიმე ეხება პროკურატურას. ეს უნდა გამოსწორდეს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.