კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება

კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რიგით მეექვსეა, რომელმაც 2014 წელს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მინისტრის პოსტი დატოვა.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში დგება. საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ამჟამად პრემიერ-მინისტრი, 16 მინისტრი და 3 სახელმწიფო მინისტრია.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დასმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 დეპუტატის ხმა).

პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ ახალი მთავრობის საბოლოო ჯამში არდამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, გარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა, თანამდებობა დატოვეს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.