„სოლიდარობის ფონდმა“ 88 ბავშვი დააფინანსა

„სოლიდარობის ფონდმა“ 88 ბავშვი დააფინანსა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, 88 ბავშვიდან 40 სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაიგზავნა. ასევე, დაფინანსდა ძვირადღირებული მკურნალობები.

კობახიძის თქმით, „სოლიდარობის ფონდი“ აპირებს ყველა საერთაშორისო დონეზე კლინიკებთან თანამშრომლობას, რათა „სოლიდარობის ფონდის“ მიერ გაგზავნილ ბავშვებს რაც შეიძლება დაბალი ტარიფით უმკურნალონ.

„უკვე 88 ბავშვი დაფინანსდა. აქედან 40 საზღვარგარეთ გაიგზავნა. დაფინანსდა ძალიან ძვირადღირებული მკურნალობები, მათ შორის 200 000 დოლარის მოცულობით ისეთი დაავადების მკურნალობა, როგორიცაა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. რამდენიმე დღის წინ მოვინახულეთ ბუკა ნიკურაძე, რომელიც ფონდის ჩართულობით უკეთ გახდა და შესაძლებლობა მიეცა ოპერაცია თურქეთში გაეკეთებინა. ვაპირებთ ყველა საერთაშორისო დონეზე კლინიკებთან თანამშრომლობას, რათა რაც შეიძლება დაბალი ტარიფი მივიღოთ ფონდის მიერ გაგზავნილი ბავშვებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თმით, ამ ეტაპზე, „სოლიდარობის ფონდში“ დაახლოებით 2.5 მილიონ ლარამდე თანხაა მობილიზებული.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბიზნესასოციაციას მადლობას უხდის, რადგან ორგანიზება მოხდება სამუშაო სადილის და იქიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“.

„რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით „სოლიდარობის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ბიზნეასოციაციისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ მოეწყობოდა შეხვედრა, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემოდა უფრო დეტალურად, სფეროების მიხედვით გაგვეკეთებინა პრეზენტაცია „სოლიდარობის ფონდზე“. ჩვენ ასევე საშუალება მოგვეცემა ვიმუშაოთ ერთობლივ პროექტებზე. განსაკუთრებით, ეს ეხება ბიზნესპროდუქტებში „სოლიდარობის ფონდის“ დონაციების საკითხს, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანი იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე ფონდის იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს უკვე დონაციებს ელოდებიან. ამით „სოლიდარობის ფონდი“ შეძლებს დამატებითი თანხების მობილიზებას“, - განაცხადა კობახიძემ.