არ არსებობს განცხადების საფუძველი, რომ შავლიაშვილისა და ხოკრიშვილის გადადგომით ღარიბაშვილის გავლენა შესუსტდა

არ არსებობს განცხადების საფუძველი, რომ შავლიაშვილისა და ხოკრიშვილის გადადგომით ღარიბაშვილის გავლენა შესუსტდა

თუ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა, არ მგონია, რომ ამ მხრივ რაიმე სანერვიულო იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, არ არის სანერვიულო იმასთან დაკავშირებითაც, რომ მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს ისეთი პროფესიონალი კადრებით, რომელსაც პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

"თუ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა, არ მგონია, სანერვიულო იყოს, რომ ახალი მთავრობა ვერ დაკომპლექტდება ისეთი პროფესიონალი კადრებით, რომელსაც პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებდა", - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, არ არის საფუძველი ისეთი განცხადებების გაკეთების, რომ შავლიაშვილისა და ხოკრიშვილის გადადგომით ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა შესუსტდა.

რაც შეეხება ხოკრიშვილის გადადგომას, თეა წულუკიანის განცხადებით, ხოკრიშვილის სახით მთავრობას გამოაკლდა ძალიან პატიოსანი და მშრომელი მინისტრი.

"მას მინდა ბედნიერება და წარმატებები ვუსურვო, მათ შორის პირად ფრონტზე, რის გამოც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნა წულუკიანმა.