არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მათზე ბოლო დროს გახშირებული სიტყვიერი თავდასხმები განსხვავებული აზრის უპატივცემულობაზე მიუთითებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"ყოფილი პრემიერ-მინისტრი აგრძელებს განცხადებათა სერიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. იგი, მართალია, ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეს ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, მაგრამ განცხადების სულისკვეთება მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა რომ ბიძინა ივანიშვილის მტკიცება დაუსაბუთებელია, მან შესაძლოა წაახალისოს სხვა პირები, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ იგივე რიტორიკა გამოიყენონ და ამდენად, შეაფერხონ აქტიური სამოქალაქო ჩართულობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესებში. როგორც ეს უკვე ვნახეთ, ყოფილი პრემიერის მსგავს განცხადებებს ხშირად მოჰყვება ხოლმე დაუსაბუთებელი ბრალდებები პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მხრიდან. ბოლო დროს გახშირებული სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს არა საქმიან კრიტიკას, რომელსაც სიამოვნებით მოვისმენდით, არამედ განსხვავებული აზრის უპატივცემულობას. ასეთი მიდგომა ადგილს არ ტოვებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანისთვის _ ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სისტემურ პრობლემებზე მივმართოთ საზოგადოების ყურადღება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მათი თქმით, ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოსაზრებას დაემთხვეს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მიკერძოებულობას.
"ასე რომ იყოს, მოგვიწევდა უარი გვეთქვა იმ კამპანიებსა და ინიციატივებზე, რომლებსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვახორციელებდით. ასეთ ინიციტივებს შორის უნდა ვახსენოთ კამპანიის "ეს შენ გეხება" პირველი ნაწილი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. დასანანია, რომ ამის ახსნა გვიწევს. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ყოფილი პრემიერის განცხადებები არ იქნება აღქმული მითითებად და ისინი კანონისა და დემოკრატიის მოთხოვნების შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას იქონიებენ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 30 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორისაა: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (Sida), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საია, IDFI, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", ადამიანის უფლებათა ცენტრი, იდენტობა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს სასოფლო დარბაზი, მედიის ინსტიტუტი და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელში შემავალი ორგანიზაციები.