„მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად საკმარისად არ მუშაობენ“

„მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთად საკმარისად არ მუშაობენ“

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ლარის კურსთან დაკავშირებით, უფრო მეტი აქტიურობისკენ, თანამშრომლობისკენ და ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს.

ჭირაქაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ისევე ეროვნული ბანკი, ცალ-ცალკე ბევრს ცდილობენ და აკეთებენ, მაგრამ ის კოორდინაცია, რაც მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა დაინახოს, კარგად არ ჩანს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ერთად მუშაობდეს ძალიან აქტიურად. ცალ-ცალკე ვერც ხელისუფლება და ვერც ეროვნული ბანკი ვერაფერს გააკეთებს. ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია. ყველას თავისი მექანიზმები აქვს. ჩემი აზრით, ისინი საკმარისად არ მუშაობენ ერთად და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, უფრო აქტიურტად ითანამშრომლონ, იმუშაონ ერთად“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი, რომელსაც რეზერვი 2-3 მილიარდი დოლარი აქვს, ვერ შეეწინააღმდეგება იმას, რაც აზერბაიჯანში და თუნდაც თურქეთში ხდება.

„როდესაც მეტი კოორდინაციაა და მეტად ერთად მუშაობენ, ბევრი საკითხები, ფაქტორები, რომელიც ეკონომიკაში დგას, მათზე რეაგირება, გადაწყვეტა უფრო აქტიურად, სწრაფად ხდება. დარწმუნებული ვარ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ისევე ეროვნული ბანკი, ცალ-ცალკე ძალიან ბევრს ცდილობენ და აკეთებენ, მაგრამ ჩემიაზრით, ის კოორდინაცია, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ბიზნესმა უნდა დავინახოთ, კარგად ვერ ვხედავთ. აქტიური მუშაობით ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეს რასაკვირველია, არ უზრუნველყოფს იმას, რომ ლარის კურსი 2-ზე ან 1.8-ზე ჩამოვიდეს“, - განაცხადა ჭირაქაძემ.