ელგუჯა ხოკრიშვილის თანამდებობაზე ყოფნის საკითხი კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მსჯელობის საგანი იყო.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გუშინ შედგა საუბარი იმის თაობაზე, რომ ხორკიშვილს სურდა გერმანიაში ოჯახთან გამგზავრება, თუმცა ძირითადად აქცენტი გაკეთდა მის გრძელვადიან შვებულებაში გაშვებაზე და – არა თანამდებობის დატოვებაზე.
გარდა ამისა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრეტენზიებზე, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის მისამართით აქვს.
არსებული ინფორმაციით, გუშინ ყიფიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა და ითქვა, რომ თუკი კომიტეტის პრეტენზიები და უკმაყოფილების მიზეზები ობიექტურია, ის უნდა გამოსწორდეს, ან მინისტრმა დაასაბუთოს, რომ ხარვეზები, რომელთა თაობაზეც პარლამენტის კომიტეტი საუბრობს, არ არსებობს.