საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თინა ხიდაშელისთვის გარემოს დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის თანამდებობიდან გადადგომა სიურპრიზი იყო , - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა ის, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა თანამდებობა დატოვა.
"ჩემთვის აბსოლუტური სიურპრიზი იყო და ვწუხვარ მისი გადადგომის გამო. გუჯა იყო ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა, წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. ის არასდროს არ ყოფილა პოლიტიკით დაკავებული და სამწუხაროდ, არ ვიცოდი, მან ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე განცხადებით, ელგუჯა ხოკრიშვილმა საკუთარი განცხადებით ახსნა თანამდებობიდან წასვლის მიზეზები.
"მე ვიცოდი, რომ მას ჰყავს ოჯახი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. მას ჰქონდა თანხმობა, წამოსულიყო და ამ სამსახურში ყოფილიყო და როგორც ჩანს, ის ვადა ამოეწურა, რომელიც მას ჰქონდა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დეპუტატის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი მინისტრი.