ნეპალში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რვა მილიონი ადამიანი დაზარალდა. 1,4 მილიონს კი საკვები პროდუქტები ესაჭიროება. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გაერო აცხადებს.
ნეპალში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის არაერთმა ქვეყანამ გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მედიკამენტების, საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტს განიცდის.
ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 4 310-ს აღწევს, დაშავებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი.
ნეპალსა და მეზობელ ქვეყნებში განმეორებითი ბიძგები ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც ათასობით ადამიანი კატმანდუში უკვე მესამე დღეა კარვებში ათენებს ღამეს.
მიწისძვრამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, დაბინძურებულია წყალი, არსებობს დაავადებების გავრცელების საშიშროება.
25 აპრილს მომხდარმა მიწისძვრამ ევერესტზე ზვავი გამოიწვია, რასაც 18 ადამიანი შეეწირა. 200-ზე მეტი ალპინისტი კი მთებშია დარჩენილი, მათ გამოყვანას ვერტმფრენებით ცდილობენ.
ნეპალის მასშტაბით სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში ქვეყნის არმია და პოლიციაცაა ჩართული. მიწისძვრამ დააზარალა მეზობელი ინდოეთი და პაკისტანიც, სადაც ასევე ათობით ადამიანი დაიღუპა.