კოალიციის პოლიტსაბჭოზე მიმდინარე სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

კოალიციის პოლიტსაბჭოზე მიმდინარე სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა , ეს იყო ტრადიციული, გეგმური შეხვედრა და მასზე მიმდინარე სასესიო კვირის განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

"ეს იყო ტრადიციული შეხვედრა. ყოველთვის სასესიო კვირის წინ ხდება ასეთი შეხვედრები. შემოსულია ძალიან დიდი რაოდენობით კანონპროექტები და თითოეული კანონპროექტი გავიარეთ და პრიორიტეტებად ჩამოვაყალიბეთ", - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მათთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

"ეს კანონპროექტი გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი შეღავათის დაწესებას ყველა უცხოელისთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ბიზნესი აქვს, სწავლობს და ა.შ. მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ სწორედ ხვალ ვიმსჯელებთ. სრული განუკითხაობა და ლიბერალიზაცია დაუშვებელია. მაგრამ არის მოთხოვნები, რომლებიც ევროპულ თანამეგობრობას ახასიათებს და ჩვენც ლიბერალიზაციისკენ უნდა წავიდეთ", - აღნიშნა დეპუტატმა.

უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი კანონპროექტებია მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველი, რომლებიც ეხება საგადასახადო ლიბერალზაციას. მისი თქმით, ამ კვირაში განიხილავს პარლამენტი პრემიერის ინიციატივას, რომლითაც ბინის მესაკუთრეებისთვის ბინის გაქირავების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ნაცვლად 5% იქნება. ტყემალაძის ინფორმაციით, პარლამენტი ამავე სასესიო კვირაში განიხილავს ავტოიმპორტიორებისთვის შეღავათების დაწესებას. მისი განმარტებით, შეღავათი დაწესდება ავტოტრანსპორტის განბაჟებასა და რეალიზაციაზე და შეღავათი დაახლოებით 1000 ლარის ოდენობით იქნება.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.