მთავრობამ პარლამენტიდან "ადვოკატთა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები გაიწვია. მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
საუბარია კანონპროექტზე, რომელიც "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ერთვოდა თან და ითვალისწინებდა გარკვეულ შეზღუდვას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მხრიდან ადვოკატთა მიმართ. საკითხი ადვოკატების პროტესტის საგანი გახდა.
როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, კანონპროექტის ძირითად ტექსტში ასეთი შეზღუდვა აღარ არსებობს და შესაბამისად, "ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებების გაწვევა გახდა საჭირო.
თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს სთხოვა, მსგავს პროექტებთან დაკავშირებით მეტი განმარტებები გააკეთონ, მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა საკითხი მოგვარებულია.