საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი განმარტებას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თანხა, რომლის დახარჯვასაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ედავებიან, პრემიერთან შეთანხმებით გამოიყო. "სამთავრობო სხდომის ფორმატში ჩვენ ვერ განვიხილავდით ყველა იმ დეტალს, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა. ეს იყო უბრალოდ დასაბუთებული ბატონი ირაკლის მიერ, რომ ეს თანხა იყო საჭირო თავდაცვის სამინისტროსთვის ოპტიკური ხაზის და მისი შეერთებისთვის საჭირო აპარატურის გამოყოფასთან დაკავშირებით. სხვა საკითხები, ვისთან და როგორ უნდა ყოფილიყო გაფორმებული ხელშეკრულება, კონკრეტულად რა ტექნიკურ პარამეტრებს მოიცავდა, ეს რა თქმა უნდა, განხილული არ იყო და ვერც იქნებოდა განხილული, იმიტომ რომ ასეთ დეტალებზე ბუნებრივია პასუხისმგებელია უშუალოდ ინიციატორი უწყება",-აცხადებს ცქიტიშვილი.