ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტს რეაგირება სთხოვა.
როგორც ბარამიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ის რაც გურჯაანში მოხდა, მხოლოდ ერთი დეპუტატის, მაჟორიტარ გიორგი ღვინიაშვილის პრობლემა არ არის.
"მინდა მოგმართოთ იმ ძალიან სახიფათო ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ვშიშრობ, რომ ტენდენციის ხასიათს იღებს. ჩვენ ყველანი პარლამენტარიზმის განვითარებაზე ვსუბრობთ. ამ დროს გურჯაანში უმსგავსობა მოხდა, როცა დეპუტატებს, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებს წიწილებიანი კვერცხებიც კი ესროლეს. დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს, რომელსაც მანამდე ათი თვის ბავშვის ქვევრში დახრჩობა დააბრალეს, გამგებელმა ბიუროს ოფისის დატოვება მოსთხოვა. დეპუტატების გამოძევების თემამ გაგრძელებაც მიიღო, როცა კახეთის გუბერნატორი გამობრძანდა და განაცხადა, "გამგეობის შენობაში ჩემი ოჯახის ბიზნესი არ იქნება და დეპუტატის იქ რაღა უნდაო". ეს აბსოლუტურად გაუგონარი და არანორმალური ვითარებაა. არ მესმის, ეს სადამდე შეიძლება მივიდეს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომლის შეფასებით, არ შეიძლება პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და მათი ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობების ტვირთად იქცეს.
უსუფაშვილის მონაცემებით, მაჟორიტარები ბიუროებისათვის თვითმმართველობების კუთვნილ ფართს უსასყიდლოდ იკავებენ, მაშინ, როცა მათი ოფისებისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან სათანადო თანხებია გამოყოფილი.
უსუფაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან დაკავშირებული საკითხის "საფუძვლიან შესწავლას" აპირებს.