ეგვიპტური პრესა კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს პროგრესის შესახებ წერს

ეგვიპტური პრესა კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს პროგრესის შესახებ წერს

საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია, ეგვიპტის ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო სააგენტო MENA-მ გაავრცელა.

აღნიშნული ინფორმაცია ეგვიპტის პრესაში ფართოდ გავრცელდა და ისეთ ინტერნეტ გამოცემებში დაიბეჭდა, როგორიცაა "almasryalyoum" და "youm7".

სტატიებში საუბარია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ განსაკუთრებულ წარმატებაზე.

"საქართველომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და შედეგად პოსტ–საბჭოთა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ იქცა. ამ მიმართულებით 2014 წელს საქართველო კორუფციის რისკის ქვეყნების ინდექსით 197 ქვეყანას შორის 11-ე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ნორვეგია, საფრანგეთი, ჰოლანდია და სხვა. მსოფლიო ბანკის განცხადებით, „საქართველოს წარმატება ამსხვრევს მითს იმის შესახებ, რომ კორუფცია კულტურის ნაწილია“. საქართველომ დაამტკიცა, რომ ძლიერი პოლიტიკური ნებისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედების შემთხევაში ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა მოკლე დროში შეიძლება" - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო 2014 წელს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით 183 ქვეყანას შორის 8 ადგილზეა. ამასთან საქართველო პირველ ადგილზეა საკუთრების დარეგისტრირების სიმარტივით და მეორეა სამშენებლო ნებართვების მიღების მიმართულებით.

სტატიის თანახმად, ამჟამად საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ევროპული დემოკრატიის მსგავს საფეხურზე გადავიდა, რაც მეტი ინფორმაციის მიწოდების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და საზოგადოების ჩართულობით, მეტი გამჭვირვალობის მიღწევას ისახავს მიზნად.

"კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისი სისტემების ჩამოყალიბება საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი პრიორიტეტია, რაც ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს უკავშირდება", - წერენ ეგვიპტური გამოცემები.

პრესას მონაცემები ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ მიაწოდა.