საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და მათი ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობების ტვირთად არ უნდა იქცნენ.
აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, მაჟორიტარები ბიუროებისათვის თვითმმართველობების კუთვნილ ფართს უსასყიდლოდ იკავებენ, მაშინ, როცა მათი ოფისებისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან სათანადო თანხებია გამოყოფილი.
უსუფაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან დაკავშირებული საკითხის "საფუძვლიან შესწავლას" აპირებს. მან კოლეგებს აღნიშნულ საკითხზე მიღებული შეთანხმება გაახსენა.
"ჩვენ, პარლამენტის საქმიანობის დასაწყისშივე, მაჟორიტარების და მათი ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდით. შეთანხმების რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს შორის იყო ისიც, თუ სად და როგორ უნდა განთავსდეს მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროები. გვინდოდა, ბევრ სხვა მახინჯ პრაქტიკასთან ერთად, დაგვესრულებინა ისიც, როცა პარლამენტის მაჟორიტარები ხშირ შემთხვევაში სრულაიდ არამიზნობრივად და კომპეტენციის მიღმა იყენებდნენ თვითმმართველობის რესურსებს – არა მხოლოდ შენობებს, არამედ ბევრ სხვა რამეს. თვითმმართველობას ჰქონდა განცდა, რომ უნდა მომსახურებოდა მას. ჩვენ ამ პრაქტიკის დასრულება გვსურდა, მათ შორის იმიტომაც, რომ ხელი შეგვეწყო თვითმმართველობის განვითარებისათვის. მინდა შევისწავლო საკითხი. წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ ძალიან ბევრ ადგილზე შენობა-ნაგებობები პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისათვის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით არის გადაცემული. ეს მაშინ, როცა თვითმმართველობისთვის ბიუჯეტის ყოველი თეთრი არის ძალიან მნიშველოვანი და ჩვენ, პარლამენტის წევრებს პარლამენტის მიერ გამოყოფილი გვაქვს საკმარისი თანხა იმისთვის, ვიქირაოთ შენობები საკუთარი ბიუროების განთავსებისთვის. ეს თვითმმართველობის ტვირთი არ უნდა იყოს", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.