სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბარლდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საქმეს ორი სხვადასხვა მოსამართლე იხილავს. როგორც საქმის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, გამოძიების ეტაპზე საქმე გაიყო და, შესაბამისად, სასამართლოში სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს წინასასამართლო სხდომას. პროკურორის განმარტებით, სააკაშვილსა და ჯანაშიას ბრალად წარდგენილი აქთ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღდეგოდ გაფლანგვა. კერძოდ, როგორც სონღულაშვილმა განმარტა, 9 მილიონზე მეტი ლარი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდეტობის პერიოდში გამოყენებული იყო პირადი მიზნებისთვის, მათ შორის სხვადასხვა კოსმეტიკური მომსახურებისთვის და კეთილდღეობისთვის, ასევე საზღვარგარეთ დასვენებისთვის, სტუმრებისთვის და სუვენირებისთვის.

"რაც მთავარია, აღნიშნული ხარჯები შენიღბული იყო სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის გრიფით, რათა არ გამხდარიყო თვალშისაცემი ფართო საზოგადოებისთვის. სასამართლოში წარმოდგენილი გვაქვს 32 ტომი მტკიცებულებები", - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარის ბარლდებებზე, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს, ნათია სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ეს აბსურდულია.

"რაიმე ფორმით საუბარი, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნაა, სიმართლეს არ შეესაბამება. 150-ლარიანი ხელფასისა და პენსიის პირობებში პირადი მიზნებისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისა და ტანისამოსისთვის 9 მილიონის საიდუმლო ფორმატში ხარჯვა რამდენად კანონიერი იყო, ამას სასამართლო გადაწყვეტს", - განაცხადა პროკურორმა.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემაც, რომლის განცხადებითაც, დაცვის მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიერ ამდაგვარი ხარჯების გაწევა განვითარებულ ქვეყნებში ნორმალური პროცესია.

"ეს საქმე არის შერჩევითი სამართლის კლასიკური ნიმუში, ვინაიდან ზუსტად იგივე ხარჯები, გაცილებით ფართო მეტი მასშტაბით გაიწერა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტებზე ზუსტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან ხდება ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის პირველი პრემიუმ კლასის ხარჯები", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე თემურ ჯანაშიას დაუყადაღეს ქონება, რაც არამართლზომიერია. კერძოდ, როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდება არ ეხება ქონების მითვისებას და შესაბამისად დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დაყადაღებულ ქონებებს ყადაღა მოეხსნას.