"კაბელების საქმის" დღევანდელი წინასასამართლო სხდომა დასრულებულია და ის 6 მაისს განახლდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულებების ნუსხა; მხარეებმა დააყენეს შუამდგომლობები დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ბრალდებისა და დაცვის მხარეების პოზიციებს სასამართლო შემდგომ სხდომაზე მოისმენს. ამის შემდეგ კი, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ცნობს თუ არა დასაშვებად მტკიცებულებს. როგორც დაკავებულების ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლის დაუშვებლად ცნობასაც დაცვის მხარე ითხოვს, ექსპერტიზის დასკვნაა.
"ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარუდგინეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა წერილს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ბრალდების მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია სასამართლოზე. აღნიშნული წერილი არ არის თავად ექსპერტიზის დასკვნაშიც. მითიური წერილის საფუძველზეა აგებული ექსპერტიზის დასკვნა, რაც მიგვაჩნია, რომ დაუშვებელი მტკიცებულებაა", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დღეს აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება ვერ მოასწრო. მისი თქმით, ეს არის არგუმენტირებული შუამდგომლობა, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოს შესაბამის ეტაპზე წარუდგენს.
პროცესის გადადების შემდეგ კომენტარი გააკეთა პროკურორმაც. საქმის პროკურორის, ნინო აღლემაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დღეს სასამართლოზე არასწორად აპელირებდა კანონის დარღვევებზე.
"რეალურად ჩვენი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დაცვით. დღევანდელ პროცესზე იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. კერძოდ, დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. ერთით ითხოვდა მტკიცებულებების დაშვებას, მეორეთი კი იგივე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას. მტკიცებულებები ან დასაშვებია ან დაუშვებელი და ვფიქრობთ, რომ ეს გაურკვეველი და ბუნდოვანი მოთხოვნა იყო გახმოვანებული სასამართლო სხდომაზე", - განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოშია წარდგენილი, ძირითადად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული, დაცვის მხარის მტკიცებულებები კი დარღვევებით არის მოპოვებული და შემხებლობა არ აქვს არსებულ საქმესთან. ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, გაიხსნება თუ არა დახურული სხდომა ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს მოსამართლის გადასაწყვეტია და წინასწარ ინფორმაცია არ გააჩნია.