გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს დნმ-ის ნიმუში აუღეს

გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს დნმ-ის ნიმუში აუღეს

პროკურატურამ დააკმაყოფილა გია სოსანაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა და გენინსპექციის სამმართველოს უფროსს, როინ ასანიძეს დნმ-ის ნიმუში აუღეს , - ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განაცხადა.        

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დნმ-ის კვალი გენინსპექციის სამმართველოს უფროსს დაზარალებულისა და ბრალდებულის მხარის თანდასწრებით აუღეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, თუკი დადასტურდება, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას აღებული დნმ-ის ნიმუში დაემთხვევა გენინსპექციის სამმართველოს უფროსის დნმ-ს, იგი გია სოსანაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

რამდენიმე დღის წინ სოსანაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა, როინ ასანიძემ დნმ-ის ნიმუში საკუთარ კაბინეტში აუღო სოსანაშვილს, შემდეგ კი ე.წ. სკოჩის მეშვეობით დნმ-ის კვალი დატოვა აფეთქების ადგილას. ადვოკატი აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნულის შემდეგ საფლავთან შემთხვევით დარჩა ასანიძის კვალიც და ის დნმ-ის ნიმუში, რომლის იდენტიფიცირებაზეც პროკურატურა მუშაობს, სწორედ ასანიძეს ეკუთვნის.

როგორც დღეს სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში იგი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის, გია სოსანაშვილის ჩვენებას გააცნობს საზოგადოებას, სადაც განმარტებული იქნება რა ვითარებაში მოხდა დნმ-ის ნიმუშის აღება და შემდეგ აფეთქების ადგილას გადატანა.