C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილე ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში სოციალური მოსმახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისებში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების საგენტოს სამხარეო ცენტრებში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა N 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები.

"პირველ ეტაპზე პროგრამას მოემსახურება სამი კლინიკა - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, "ჰეპა" და "ნეოლაბი". დოკუმენტაციისთვის საჭირო ფორმა N 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკიდან უნდა წარმოადგინონ. ეტაპობრივად პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოურთდებიან, მათ შორის რეგიონებში. მედიკამენტების გაცემა ამ ეტაპზე ამ სამი კლინიკიდან მოხდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, პროგრამაში პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან ის ადამიანები, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. კვარაცხელიას ინფორმაციით, ორ დღეში კლინიკები მზად იქნებიან მკურნალობის დასაწყებად. მისივე თქმით, შექმნილი არის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პაციენტების დარეგისტრირების პროცესს გააკონტროლებს.

კვარაცხელიას განცხადებით, პროგრამა რომელიც პირველ ეტაპზე ამოქმედდება ქვეყანაში 5 000 პაციენტზეა გათვლილი.

"საბედნიეროდ, ამდენი პაციენტი არ არის ქვეყანაში. პირველ რიგში მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები მიიღებენ მკურნალობას", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.