არ მინდა, გავაკეთო დასკვნა, თუ რატომ გააკეთა ლუკაშევიჩნა ეს განცხადება, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განაცხადების რიგის სამიტის შესახებ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ლუკაშევიჩის განცხადებაზე. მე არ მინდა, გავაკეთო დასკვნა იმაზე, თუ რატომ გააკეთა მან ეს განცხადება. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ მიზანს ევროპაში გამყოფი ხაზების აღმოფხრვა წარმოადგენს. და მესამე, რაც მინდა აღვნიშნო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის საერთო ინტერესების მიხედვით, ნათელია, რომ დიდი ყურადღება ექცევა რიგის სამიტს. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რიგის სამიტისთვის. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასა და რიგის სამიტში მონაწილეობა არის ქვეყნების თავისუფალი არჩევანი", - განაცხადა ჰერმანმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სამიტზე განსახილველი საკითხების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს. იანოშ ჰერმანმა რამდენიმე საკითხი გამოყო.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყურადღება გამახვილდება, არის დიფერენციაცია - თუ როგორ უნდა განვავითაროთ აღმოსავლეთ პარტნიორობა მონაწილე ქვეყნების საჭიროებისა და მისწრაფებების მიხედვით. კიდევ ერთი ასპექტი, რაზეც ვიმუშავებთ, იქნება ხალხთა შორის კონტაქტის ხელშეწყობა და მობილობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ სავაჭრო შესაძლებლობებს, ვნახავთ, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების განვითარება. ამას ვამბობ, რადგან მინდა დაინახოთ, რომ ეს არის საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნების ინტერესებს ემსახურება და არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის პროცესი, დაფუძნებულია მონაწილე ქვეყნების თავისუფალ სურვილზე და გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გააგრძელებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოსთან და ძალიან მალე ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ თავის შეფასებას გაავრცელებს.
მოსკოვი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის განვითარებას უკიდურესად უარყოფითად განიხილავს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.
რუსული სააგენტო "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით რუსული მხარე დააკვირდება თუ როგორ ჩაივლის რიგის სამიტი.
"ჩვენ დავაკვირდებით თუ როგორ ჩაივლის სამიტი რიგაში, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ჩვენი რეაქცია იქნება საკმაოდ მკაცრი და პრინციპული, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, თუ საით მიემართება ეს პარტნიორობა და როგორ ელფერს იძენს ამ პარტნიორობის პროგრამის მონაწილეთაგან", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.