რიგის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს დილით მუშაობა შეაჩერა, "ლიგა.ნეტის" ცნობით, ამის მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხე გახდა.
როგორც აეროპორტის პრესსპიკერი იტყობინება, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:00 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც მგზავრების და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის რეისები აღდგენილია, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ტერიტორია შეამოწმეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.
ინციდენტის შედეგად თბილისიდან, ნიუ-იორკიდან, ტალინიდან, მალტადან, ჰელსინკიდან და კიდევ რამდენიმე ქალაქიდან თვითმფრინავები სხვა აეროპორტში გადაამისამართეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. რიგის აეროპორტი ლატვიის დედაქალაქიდან 13 კილომეტრში მდებარეობს და ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი აეროპორტია.