დღევანდელი დემოკრატიის

დღევანდელი დემოკრატიის "აქილევსის ქუსლია" პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია შინგანა საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ სამართალდაცვითი სისტემის რეფორმა აუცილებელია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ალასანიამ დღეს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას აქვს განცდა, რომ მეტია გასაკეთებელი, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი.

"ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში უნდა გამოიხატოს რესურსების გამოყოფაში პოლიციასა და შს სამინისტროს მიმართ. ასევე ბუნებრივია, აუცილებელია, პროფესიონალი კადრები იყვნენ დანიშნული კონკრეტულად იმ თანამდებობაზე, ვინც პასუხიმგებელია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. სამართალდაცვითი სისტემის რეფორმაა განსახორციელებელი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი დემოკრატიის, კონსოლიდაციის "აქილევსის ქუსლი" არის პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ემორჩილება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში საგამოძიებო უწყებების მიერ 8970 დანაშაულია რეგისტრირებული, საიდანაც 4697 გაიხსნა. დანაშაულის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყების მონაცემების მიხედვით, დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.36%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.24%.