ხელისუფლება ამ სამარცხვინო ლაქას ვერ მოიცილებს, ვიდრე ე.წ. კაბელების საქმის სასამართლო პროცესი არ დასრულდება და არ გამოვლინდება, რასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულების მხარდასაჭერად მივიდა.
მისი თქმით, არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
"მეც და საზოგადოებამაც ვიცით რა ზეწოლას ჰქონდა ადგილი ექსპერტებზე და ზოგადად პროცესის მიმდინარეობაზე, რათა რეალობა და ობიექტური ჭეშმარიტება არ წარმოჩენილიყო, მაგრამ სასამართლო პროცესის და იმის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს, მე მწამს. ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას ორ საკითხზე – აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით და თავად "კაბელების საქმის" სასამართლო პერსპექტივასთან დაკავშირებით. მტკიცებულებები, რომელიც ადვოკატებს გააჩნიათ და ის, რომ ბრალდებულები უსაფუძვლოდ არიან ციხეში, მაძლევს საფუძველს, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. პროკურატურამ თავადვე უარყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამ ადამიანების ბრალდებას ედო საფუძვლად და დანიშნა ახალი ექსპერტიზა. იმედი მაქვს, ეს ადამიანები მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს და საბოლოოდ საკუთარ საქმეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება "კაბელების საქმეზე" პროკურატურაში არსებულ მთავარ საქმეს, რომელზეც გამოძიება გრძელდება, ალასანიას თქმით, ეს ავტორიტარული სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
"ავტორიტარული სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომ რაღაც საქმე არის გახსნილი და ნებისმიერ დროს შეიძლება მიამატონ ესა თუ ის გვარი, იმის მიხედვით თუ რა სურვილი ექნება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს. ძალიან ბევრი ტყუილი არის აგორებული ამ საქმის ირგვლივ, მათ შორის, რომ თითქოს პრემიერმა არ იცოდა რისთვის იყო ეს თანხები გამოყოფილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თანხა რომელზეც საუბარია "კაბელების საქმეში" მთავრობასთან და პრემიერთან შეთანხმებით კონკრეტულად ამ პროექტის განსახორციელებლად იყო გამოყოფილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.