"ეს არის დრო, როცა ყველაფერი გაუფასურდა საქართველოში და ამ დროს უნდათ ჩაიგდონ ხელში ეს შენობები"

"ნაციონალურ მოძრაობაში" ქუთაისი მთავრობის სახლის გაყიდვა არასწორად მიაჩნიათ. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი პრემიერის ინიციატივას ბიძინა ივანიშვილის სურვილს უკავშირებს.

"როგორც ჩანს, ივანიშვილმა უთხრა, რომ ეს შენობები უნდა გაიყიდოს და ის ცდილობს შეასრულოს ეს ბრძანება. ისინი პოულობენ დროს და ეს არის დრო, როდესაც ყველაფერი გაუფასურდა საქართველოში და სწორედ ამ დროს უნდათ ჩაიგდონ ხელში ეს შენობები. ეს შენობა არ სჭირდება სახელმწიფოს, მაგრამ როგორც ჩანს, სჭირდება კლანს",- განაცხადა რატიანმა.

პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისი მთავრობის სახლი უნდა გაიყიდოს, რადგან შენობას ვერაფერში იყენებენ.