მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება დღეს გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმით დასრულდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან "ივერიისა" აცნობეს, ამ მოვლენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება, რომელიც მიმდინარე მშენებლობას დაათვალიერებს.
ფონდის ინფორმაციით, ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. 2012 წელს საძირკველი გაიჭრა და მშენებლობა დაიწყო. 2013 წელს საძრკველი დასრულდა და მშენელობის მეორე ეტაპი, კედლების ამოყვანის პროცესი გაგრძელდა.
2015 წლის 26 აპრილს კი ტაძრის აგება და გუმბათის მშენებლობა დასრულდება.
როგორც ფონდში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და ტაძრის კარიბჭის მშენებლობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი და ზეთისხილის ბაღი გაშენდა.
მშენებლობა 2700კვ.მ-ზე მიმდინარეობს, ტაძრის სიმაღლე ჯვრის ძირამდე 51 მ. იქნება. ჯვრის სიმაღლე კი - 6 მეტრი. ტაძრის არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძეა. მშენებლობაზე 300-მდე ადამიანი დასაქმდა.
მშენებლობას პატრიარქის კურთხევით პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს. ტაძარს სრულიად საქართველო და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ.