ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ნეპალის ხელისუფლება დახმარებისთვის მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავს. მათი განცხადებით, საჭიროა, ჰუმანიტარული დახმარება.

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი. ძლიერმა მიწისძვრამ გაანადგურა ისტორიული ნაგებობებიც. სტიქიის გამო მუშაობა შეწყვიტა კატმანდუს აეროპორტმა, შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრამ ევერესტზე რამდენიმე ადგილას ზვავი გამოიწვია.

ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს დილით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. მსხვერპლია ინდოეთშიც. ბოლო 80 წლის მანძილზე მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა.