იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი პრემიერმა ბიზნესმენებს დღეს ქუთაისში გააცნო

იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი პრემიერმა ბიზნესმენებს დღეს ქუთაისში გააცნო

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც რეგიონს სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქვს.

იმერეთში შესაძლებელია მევენახეობა-მეღვინეობის, მემწვანილეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, სასათბურე მეურნეობის, სამაცივრე მეურნეობის, რძის, ხილის გადამამუშავებელი მრეწველობის, მეფრინველეობის, თხილის წარმოების, მარცვლეულის წარმოების, ჩირის, დაფნის, აბრეშუმის, ბაღჩეული კულტურის წარმოების განვითარება.

გარდა ამისა, ხონში არის მეაბრეშუმების განვითარების, ხოლო სამტრედიაში - სიმინდის წარმოების რესურსი; ზესტაფონში კი არის ტბორის თევზის წარმოების, ბოსტნეულისა და სოკოს სასათბურე მეურნეობების განვითარების პერსპექტივა.

„რაც შეეხება წარმოების განვითარებას – ჭიათურას აქვს კვარცის ქვიშის მოპოვების, მარმარილოს წარმოების, ბროლისა და მინის წარმოების, ხილის გადამუშავების განვითარების რესურსი; ბაღდათში არის ქართული ყურძნის ჯიშების წარმოების განვითარების პერსპექტივა; ვანს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, სამშენებლო წარმოების, ავეჯის წარმოების, სამკერვალო წარმოების, კვების მრეწველობის განვითარების პოტენციალი; ზესტაფონში არის ღვინის წარმოების, ცეცხლგამძლე აგურის წარმოების, საკონსერვო წარმოების რესურსი; თერჯოლას აქვს რესურსი ბეტონის კონსტრუქციების წარმოებისათვის; საჩხერეს – სამთომოპოვებითი მრეწველობის, კერამიკული თიხის წარმოების განვითარების რესურსი; ხარაგაულს – ხე-ტყის გადამუშავების, ავეჯის წარმოების, მარმარილოს გადამუშავების რესურსი; ხონს აქვს რესურსი აგურისა და კრამიტის წარმოებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარების მიმართულებით გამორჩეულად პერსპექტიულია წყალტუბოს პოტენციალი; საინტერესო რესურსები არსებობს ბაღდათში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ვანში, ხარაგაულში, ხონში, ასევე განსაკუთრებულია გელათის, ბაგრატის ტაძრის, მოწამეთას და კაცხის სვეტის მნიშვნელობა.

ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონი მდიდარია ინერტული და წიაღისეული მასალებით, მინერალური და მტკნარი წყლით.

პრემიერის ინფორმაციით, იმერეთში 29 მილიონ ლარამდე ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება – ინვესტიციები ჩაიდო ქუთაისსა და ზესტაფონში – „სმარტისა“ და ცნობილი ბრენდის სწრაფი კვების ობიექტის ამუშავებაში, გასამართ სადგურებში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, სასათბურე მეურნეობაში, მეორადი პლასტმასების გადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში და ა.შ.

მთავრობის მეთაურმა ასევე დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და ბიზნესმენებს იმერეთში აქტიურობისკენ მოუწოდა.

2013 წელს იმერეთის რეგიონში 60 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, 2014 წელს კი – 23 მილიონ დოლარამდე;

შეიქმნება ქუთაისის ჰუალიგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს;

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში გაცემულია 31 მილიონამდე ლარის ოდენობის 1 220 სესხი;

დაფინანსებულია 7 ახალი საწარმო, რომლებზე გაცემული სესხის ოდენობა 2 მილიონამდე ლარია;

რეგიონში გადაიარაღებულია 50 საწარმო, რისთვისაც გაცემულია 107 ათასი ლარისა და 3, 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი;

იმერეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფილია 654 დევნილი ოჯახი;

საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 600 ოჯახს;

2013-2014 წლებში იმერეთში 22 000 ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა;

2013-2014 წლებში თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 26 000 ოჯახს;

12 რაიონულ ცენტრს გადაეცა 36 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა;

გაიხსნა 12 ახალი ამბულატორია;

აღდგენილია 355 სკოლა, აშენდა 1 სკოლა, დაპროექტდა 2 სკოლა, აღდგა 1 პროფესიული სასწავლებელი;