კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ღვინიაშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვით, გუბერნატორის მშობლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ოთახები ჰქონდათ დაკავებული.
გუბერნატორის განცხადებით, მისი მშობლების ფირმა ამ დროისთვის გამგეობის შენობაში აღარ მუშაობს. საპასუხოდ, გუბერნატორი "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, დაცალოს დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში არსებული მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რომელიც, ირაკლი შიოლაშვილის განმარტებით, დეპუტატ ზაზა კედელაშვილს ხელშეკრულების გარეშე აქვს დაკავებული.
გუბერნატორი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ბიუროს კანონის ძალით დააცლევინებენ.