"პრემიერმა ტუღუში ევროპის საბჭოსა და გაერო-ს წამების კომიტეტებიდან დაუყოვნებლივ უნდა გამოიწვიოს"

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი ტუღუში ევროპის საბჭოსა და გაერო-ს წამების კომიტეტებიდან დაუყოვნებლივ უნდა გამოიწვიოს.

"2009 წელს გიორგი ტუღუში არჩეულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველად, ხოლო 2011 წლის 18 ოქტომბერს გიორგი ტუღუში გახდა საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელიც გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (UN CAT)  წევრად აირჩიეს.

2012 წლის 20 სექტემბერს, გლდანის ციხის სკანდალის შემდეგ დაინიშნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად. ამ თანამდებობაზე იყო იმავე წლის 25 ოქტომბრამდე.

2005 წელს გიორგი ტუღუში აირჩიეს ევროპის საბჭოს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის კომიტეტის (CPT) წევრად. 2013 წელს კი  ტუღუში ხელახლა იქნა არჩეული  ევროპის საბჭოს იმავე კომიტეტის წევრად, მას ვადა 2017 წელს ეწურება.

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წევრთა შერჩევა ხორციელდება მინისტრთა კომიტეტის მიერ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, საკონსულტაციო ასამბლეაში წევრ სახელმწიფოთა ეროვნული დელეგაციის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან. მინისტრთა კომიტეტი ირჩევს თითო წევრს თითოეული წევრი სახელმწიფოდან. საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, კომიტეტის წევრი, წარმდგენი სახელმწიფოს ინტერესებს არ ატარებს და მხოლოდ პირადი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს.

2011 წლის 18 ოქტომბერს გიორგი ტუღუში არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (UN CAT) - ის წევრად 4 წლის ვადით.

2014 წლის 28 აპრილს ჟენევაში გამართულ სხდომაზე, გაეროს წამების პრევენციის კომიტეტმა საკუთარი ხელმძღვანელი ორგანო - ბიურო აირჩია. კომიტეტის ახალი თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა საქართველოს სახელით არჩეული წევრი, საქართველოს

ყოფილი სახალხო დამცველი და ევროპის წამებასთან ბრძოლის კომიტეტის წევრი - გიორგი ტუღუში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა კანდიდატურა შერჩეულ იქნა 2011 წელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის სახელით წარდგენილ იქნა გაერო-ში.

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის  აზრით, საქართველოს სახელმწიფომ პრინციპული მიდგომა უნდა დააფიქსიროს  გიორგი ტუღუშის, როგორც გაერო-სა და ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტებში საქართველოს წარმომადგენელის მიმართ.  მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო რეგულაციების თანახმად გაერო-სა და ევროსაბჭოს კომიტეტის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირი, რომელსაც უპირველეს ყოვლისა, გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, წარმდგენ სახელმწიფოში სარგებლობს ავტორიტეტითა და ნდობის მაღალი ხარისხით.

გიორგი ტუღუშის საქმიანობა საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე საჭიროებს მკაცრ  შეფასებას, რადგან მისი აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნის დროს, პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო. ამის საპირწონედ, ამ პერიოდის განმავლობაში, სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში ადეკვატურად არ ასახულა ადამიანის აბსოლუტური უფლების რეგულარული დარღვევის ფაქტები, მაშინ როდესაც სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების ბუნებიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებების მონიტორინგს ექსკლუზიურად ახორციელებდა და მომხდარზე ქმედითი ღონისძიებების გატარება, მის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენდა. მის ანგარიშებში ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში განთავსებული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის ზოგად შეფასებას, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა ისეთი სიმწვავით, რაც ადეკვატური იქნებოდა ისეთი ქმედების მიმართ, როგორიცაა რამდენიმე ათასი პატიმრის სისტემატიური წამება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გიორგი ტუღუში გულგრილად ეკიდებოდა  მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ ინტერესდებოდა ციხეებში არსებული ვითარებით (რაც ნაკლებად სარწმუნოა) ან ფლობდა ინფორმაციას სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების თაობაზე და მიზანმიმართულად ტოვებდა მათ რეაგირების გარეშე.

ბატონი გიორგი ტუღუშის მიმართ გაჩენილ უნდობლობას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, პირველივე შეთავაზებისთანავე გახდა სასჯელაღსრულების მინისტრი. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა არა პატიმართა დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, არამედ მოქმედი ხელისუფლების იმიჯის  დაცვასა და გაუმჯობესებას.

ასევე, მიგვაჩნია, რომ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს მისი მინისტრობის პერიოდში მნიშვნელოვანი მტკიცებულებების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სერვერებზე განთავსებული ვიდეო მასალების განადგურება, რამაც ახალი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვნად დააზიანა გამოძიების ინტერესები და ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა პატიმრების წამებასა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდოდ განმახორციელებელი პირების იდენტიფიკაცია, რაც თავის მხრივ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული  დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საერთაშორისო წარმომადგენლობით ორგანოებში ბატონი გიორგი ტუღუშის მონაწილეობა მნიშვნელოვნად ლახავს  ქვეყნის იმიჯს და მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება და დღის წესრიგში დააყენოს გაერო-სა და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებიდან გიორგი ტუღუშის გაწვევისა და მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი", - აღნიშნულია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ განცხადებაში.