ნინო გვენეტაძე:  კარგია, თუ სასამართლო შეცდომების გარეშე მუშაობს

ნინო გვენეტაძე: კარგია, თუ სასამართლო შეცდომების გარეშე მუშაობს

საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების საკითხზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენცია, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გახსნა.

ღონისძიების მონაწილეები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობის კუთხით არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელებენ. ასევე საუბარი გაიმართება დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის განვითარების მიმართულებით შემუშავებულ რეკომენდაციებზე.

"საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის დამფინანსებლები და რაც მთავარია სასამართლო კორპუსი, დღეს შევიკრიბეთ იმ საკითხების განხილვისთვის, რომელიც შეეხება დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ თემებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით საქმე კოლეგიაში არ შესულა, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი მოსამართლე დისციპლინური სახდელით არ ყოფილა დასჯილი. კარგია, თუ სასამართლო მუშაობს შეცდომების გარეშე და არ არის მოსამართლეთა მიერ სამართალწარმოების პროცესში დაშვებული დისციპლინური გადაცდომები, თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ ვიმსჯელებთ და შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას, რა პრობლემები აქვს თავად საკანონმდებლო ბაზას", - განუცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.