ოლიმპიური ჩირაღდანი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება

ოლიმპიური ჩირაღდანი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომისიამ ოლიმპიადის მთავარი ჩირაღდნის დიზაინი და მისი განთავსების ადგილმდებარეობა დაამტკიცა.

მუდმივმოქმედი კომისიის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ოლიმპიური ფესტივალისთვის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმდინარე სამუშაოები განიხილეს.

"პრემიერმა მოისმინა, რომ ობიექტები  პრაქტიკულად გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ასევე განვიხილეთ ოლიმპიადის გახსნა-დახურვის საკითხი. აქაც გადაწყვეტილება მიღებულია. ასევე დამტკიცდა ცენტრალური ჩირაღდნის დიზაინი და მისი ადგილმდებარეობა. ის თბილისში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საორგანიზიო კუთხით საბოლოო შტრიხების შეთანხმება მოხდა", - განაცხადა "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა კი აღნიშნა, რომ მიმდინარე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მაისში უნდა დასრულდეს.

"ყველანი ვთანხმდებით, რომ სამუშაოები მაღალი ტემპით მიდის. სამუშაოების ძირითადი ნაწილი მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. შესაბამისად ყველა ის პირობა, რომელიც ოლიმპიადის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვისაა საჭირო შესრულებული უნდა იქნას", - განაცხადა ყიფიანმა.