საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის ბოლოს ბელარუს კოლეგას  ბათუმში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის ბოლოს ბელარუს კოლეგას ბათუმში უმასპინძლა

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დღეს ქალაქ ბათუმს ეწვია. ალექსანდრე ლუკაშენკომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართა.

ქალაქ ბათუმს დღეს საქართველოს პრეზიდენტიც ეწვია. გიორგი მარგველაშვილი ბელარუს კოლეგას ვიზიტის ბოლოს კიდევ ერთხელ პირისპირ არაფორმალურ გარემოში  შეხვდა.

ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ქალაქების ბათუმისა და  ბრესტის დამეგობრობის ხელშეკრულებაც გაფორმდა.  ღონისძიებას ორივე ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრნენ.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა მედიასთან შემაჯამებელი განცხადებები გააკეთეს.

ბელარუსის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და ქვეყნებს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა დიპლომატიური წარმომადგნელობის გახსნასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობის გაღრმავებას.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტისთვის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა :

„ჩვენ ვიმუშავეთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია  ის ეკონომიკური პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ პროექტების უკან დგას ის ფაქტი, რომ ბელარუსი აღრმავებს თავის ურთიერთობას საბაჟო კავშირის მიმართულებით და საქართველო აღრმავებს თავის ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირის მიმართუელბით. ამ ურთიერთობის უკან დგას ის ფაქტი, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ არჩევანს და ამ არჩევანიდან ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი მოვუტანოთ ჩვენ ქვეყნებს.

გუშინ მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ  სხვადასხვა ბლოკებში გაერთიანებას ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობებს და არა როგორც ბარიერების შემქმნელ ფენომენს. მინდა  ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს სახით საქართველომ დაინახა ნამდვილი მეგობარი, რომელიც პატივს ცემს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ამ წინაპირობებზე დაყრდნობით ფიქრობს მაქსიმალური ურთერთობების გაღრმავებასა და  საერთო მშვიდობიანი გარემოსთვის ერთობლივ მუშაობაზე.

ბელარუსის პრეზიდენტის როლი პოსტსაბჭოთა სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მინსკი გახდა ის, ადგილი სადაც ბევრი პროცესი თავის მშვიდობიან გამოსავალს პოვებს. პრეზიდენტ ლუკაშენკოს იცნობენ როგოროც ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გაუკეთა ჩვენს მეზობლებს და მეგობრებს, ასეთ ადამიანთან მეგობრობა და პარტნიორიბა დარწმუნებული ვარ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოსთვის ისე რეგიონისთვის და ბელარუსისთვის.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.