განათლების მინისტრის განცხადებამ სოციალურ ქსელებში მშობლების აღშფოთება და მწვავე კრიტიკა გამოიწვია. თამარ სანიკიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „პროვოკაციაა,“ მშობლების ერთმა ნაწილმა შეურაცხმყოფელი უწოდა და სოციალურ ქსელში მათი საპროტესტო აქტივობის ახალი ტალღა გამოიწვია.
„როდესაც უკვე დაგეგმილია მოსწავლეთა რაოდენობა, სასწავლო რესურსების მობილიზება, ასეთი ინიცირება ძალიან მარტივი დასანახია და ყველა უნდა ხვდებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციულია და არ ემსახურება არავის კეთილდღეობას,“ – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი ორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
საუბარია კანონპროექტზე, რომელიც სკოლაში შესვლის უფლებას აძლევს ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების დღის შემდეგ, მომავალი წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ. იმ შემთხვევაში თუ პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულ პროექტს პარლამენტი მომდევნო კენჭისყრებზე მიიღებს, შეიცვლება განათლების სამინისტროს ინიცირებული და მოქმედი კანონი, რომელიც ასეთ ბავშვებს სკოლაში შესვლას უკრძალავს.
მშობელთა ჯგუფი რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვს თამარ სანიკიძესთან და პარლამენტარებთან შეხვედრას, მაგრამ მათთვის ამ დრომდე ვერავინ მოიცალა, გუშინდელი განცხადებით კი, როგორც თავად მშობლები ამბობენ, განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ბავშვების ინტერესი და უფლებები მეორეხარისხოვანია და მთავარია ბიუჯეტი და პოლიტიკური ინტერესები.
„ჩვენმა უმრავლესობამ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, დღეს კი განათლების მინისტრი გვეუბნება, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ვითხოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციაა. ამით მან ფეხქვეშ გათელა ჩვენი ინტერესები და დაამტკიცა, რომ მისთვის პარტია და პოლიტიკური კუთვნილება ჩვენს შვილებზე უპირატესია. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ თუ არა ტოტალიტარულ აზროვნებას. მინისტრმა პირდაპირ გვითხრა, რომ მისთვის ბიუჯეტი და საკითხის პოლიტიკური მხარე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი შვილები. მისთვის ალბათ უცნობია, რომ ბიუჯეტი ბავშვებისთვის არსებობს, იმისთვის, რომ სწავლისთვის ნორმალური პირობები შეუქმნას ბავშვებს და არა ბავშვები ბიუჯეტისთვის. წლების მანძილზე სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება და გამოსწორება სისუსტე არ არის, პირიქით პიროვნული სიძლიერის ნიშანია!!! ლოგიკა ძალიან მარტივია: 2015 სასწავლო წელს სკოლაში უნდა წავიდნენ 2009 წელს დაბადებული ბავშვები, ანუ ის ბავშვები, ვისაც 6 წელი უსრულდება 2015 წელს მიუხედავად დაბადების თარიღისა, 2016 წელს- 2010 წელს დაბადებული ბავშვები და ა.შ. ასეა მთელს ცივილიზებულ სამყაროში. რომელმა "ჭკვიანმა" გადაწყვიტა, რომ ერთსა და იმავე წელს დაბადებული ბავშვები დაბადების თარიღების მიხედვით დაეყო? ბავშვი 6 წლის ხდება 15 სექტემბერს და ახალი კანონით სკოლაში არ უშვებთ. მომავალ წელს 7 წლის ასაკში უნდა მივიდეს პირველ კლასში? ამიხსენით რატომ არის ასეთი ჩამორჩენა სასარგებლო ბავშვისთვის? როდესაც ამ კანონს წერდით არ შეიძლებოდა ცოტა მეტად გეაზროვნათ? გუშინდელი განცხადების შემდეგ განათლების მინისტრს უბრალოდ მორალური უფლება არ აქვს, განკარგავდეს ჩვენი შვილების ბედს.“ – აცხადებს ერთერთი მშობელი.
ისინი აღშფოთებულნი არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა, განსაკუთრებით კი გია ვოლსკის პოზიციით, რომელმაც იმავე ეთერში განაცხადა, რომ კანონპროექტი მთელი საორგანიზაციო საბიუჯეტო საკითხების გადახედვას მოითხოვს, მაშინ როდესაც ამის გაკეთების არანაირი აუცილებლობა არ არის.
უმრავლესობის ის წევრები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს, დღეს ამბობენ, რომ პოზიცია შეიცვალეს, რისი მიზეზიც ძირითადად თანხებია, რომელიც დამატებით უნდა დაიხარჯოს.
სოციალურ ქსელში ამ პარლამენტართა მიმართ მწვავე კომენტარები გამოჩნდა:
„პრემიებს რომ ვეღარ აიღებენ, მაგიტომ არ უნდათ ამ ბავშვების შეშვება სკოლაში...“
„გადასახედად არ უნდა გაგეხადათ საქმე და თავიდანვე არ უნდა მიგეღოთ ასეთი იდიოტური კანონი. ახლა კი ბიუჯეტის ეკონომია გააკეთეთ სხვა რაღაცეების ხარჯზე და არა ჩვენი შვილების უფლებების შელახვის ხარჯზე.“
„ვერ შეიგნეს რომ ეს ბავშვები უკვე გახდნენ 5 წლისები და სექტემბერში უკვე დღეები ექნებათ დარჩენილი 6 წლამდე..“
ცნობილი ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას აპირებენ „თავისუფალი დემოკრატები.“ კანონპროექის მეორე მოსმენა მომავალ კვირაში იგეგმება.
სასკოლო ასაკის თემას „კომერსანტი“ დიდი ხანია აშუქებს. ჩვენმა მედიასაშუალებამ ამ საკითხზე ვერც განათლების მინისტრის და ვერც განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებები ვერ მიიღო, ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ მათ გაიაზრეს საკუთარი შეცდომა, არ აქვთ საპასუხო არგუმენტები, მაგრამ ამის აღიარებას ვერ რისკავენ და საკუთარ გადაწყვეტილებას ფინანსური და პოლიტიკური არგუმენტებით ამართლებენ. აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისგანაც კი ამა თუ იმ კრიტიკულ საკითხზე კომენტარების მოპოვება უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე დასახელებული პირებისგან.