"გვახსოვს და მოვითხოვთ"- სომხების აქცია თურქეთის საელჩოსთან

თურქეთის საელჩოსთან თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს სომხების გენოციდიდან 100 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ისინი თურქეთის საელჩოსთან მივიდნენ, რათა კიდევ ერთხელ მოუწოდონ თურქეთის სახელმწიფოს, რომ აღიარონ 100 წლის წინ მომხდარი გენოციდი. "გვახსოვს და მოვითხოვთ"-აქცია ამ სახელწოდებით მიმდინარეობს. თურქეთის საელჩოსთან შეკრებილი არიან თბილისში დარეგისტრირებული სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებს აცვიათ მაისურები, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ დაივიწყებენ გენოციდის ფაქტს.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და სომხეთის ეროვნული დროშები.

ადგილზე მონტაჟდება სპეციალური სცენა, საიდანაც აქციის მონაწილეებს გამომსვლელები მიმართავენ.

თურქეთის საელჩოსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.