ე.წ. აფრასიძეების საქმეზე სპეცრაზმელებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება პროკურატურაში გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის, ზურაბ ქაჯაიას დაკითხვაზე დაბარება.
"ეს დაკითხვა უკავშირდება აფრასიძეეების ცნობილ ოპერაციას. ყაჩაღი აფრასიძეების გაუვნებელყოფის ცნობილ ოპერაციას და ზურაბ ქაჯაიას. ისევე, როგორც ამ საქმეზე დაკითხულ ასზე მეტ სპეცრაზმელს სთხოვენ ერთსა და იგივეს, რომ მათ მისცენ ჩვენება თითქოს მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე აძლევდა მათ ბრძანებას აფრასიძეების პირდაპირ ლიკვიდაციაზე. ასეთ ჩვენებას არავინ არ აძლევს და არც მისცემს, იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთი ჩვენების მიღება არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სურვილი. არსებობს ალბათობა, რომ გია საჯაიას, რომელიც არის გორგასლის სხვადასხვა ხარისხის ორდენის მფლობელი, საბრძოლო მამაცობის ორდენის მფლობელი, ღირსების ორდენის მფლობელი, დამსახურებული პოლიციელის წოდების მფლობელი, დღეს დააკავებენ იმისათვის, რომ უკვე შემდგომში გლდანის მე–8 იზოლატორში, როგორც ეს ნაკანის შემთხვევაშია, რომ მისგან ზეწოლის გზით მიიღონ ეს სასურველი ჩვენება", - აცხადებს თარგამაძე.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ააქვს პირადი შიში პატრიოტი მებრძოლების და ებრძვის საკუთარ ქვეყანას. "მას გააჩნია სრულიად მოტივირებული შიში პატრიოტი მებრძოლების და დღიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისა, განუწყვეტელი შეტევა ხორციელდება სპეცდანიშნულების რაზმების ყოფილ თუ მოქმედ წევრებზე, რასაც მოქავს კატასტროფული შედეგები. მეორეს მხრივ - ეს არის განუწყვეტელი მცდელობა მუდმივად მათთვის სასურველი ჩვენებების მიღების გზით სხვადასხვა საქმეებზე დადგმების განხორციელებისა, რათა ძირითადი პრობლემებიდან გადაიტანონ მუდმივად ყურადღება. კატეგორიულად ვურჩევთ ხელისუფლებას, ხელი აიღონ ესეთ ქმედებებზე, შეწყვიტონ სპეცრაზმელების დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩვენის მხრივ მივმართავთ ყველა შესაძლო ფორმას კანონიერ ფარგლებში პროტესტისა და ეს პროცესი გამოიღებს ძალიან მძიმე შედეგებს, ისეთს, როგორიც უკვე გვაქვს სახეზე, სამწუხაროდ", - განაცხადა გივი თარგამაძემ.