სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც კვარტლის გეგმას 4.8%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ შემოსულობების ნაწილში ზრდის დიდი წილი არაფინანსური აქტივების კლებაზე მოდის, ანუ პრივატიზაციაზე.
არაფინანსური აქტივების კლებით სახელმწიფო პირველ კვარტალში 10.5 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავდა, ფაქტობრივად მიღებული სახსრები კი გეგმას 6-ჯერ აღემატება და 63 მილიონს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში დაგეგმილი იყო 22 მილიონი ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი საგარეო ვალის აღებაც, რომელიც სახელმწიფოს არ მიუღია.
რაც შეეხება საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან საგარეო კრედიტებს, პირველ კვარტალში სახელმწიფომ 81 მილიონი ლარი აიღო, რაც გეგმას 8%-ით ჩამოუვარდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს რაც შეეხება, შესრულებამ გეგმის მიმართ 96.9%, 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1 აპრილის მდგომარეობით 643 მილიონს შეადგენს, ნაცვლად 1 იანვრის 434 მილიონისა. ანუ, ბიუჯეტის ნაშთი 3 თვეში 48%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური კრიზის დაძლევისთვის მთავრობამ სამ ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის მოკლევადიანი ნაწილის ძირითადი პუნქტი სწორედ პრივატიზება იყო.
ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა საჯაროდ უკვე გამოაქვეყნა, ხოლო აუქციონებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად აცხადებს.
საპრივატიზაციო ობიექტებიდან პირველად, მარტის დასაწყისში ბათუმი თაუერის შენობა $25 მილიონად „რედკომ" იყიდა.
აუქციონის პირობებით, მყიდველ კომპანიას, აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში $8 მილიონი უნდა გადაეხადა, 6 თვის ვადაში ჯამში გადახდილმა თანხმა $15 მილიონი უნდა შეადგინოს, 12 თვის ვადაში გადახდილმა თანხამ $20 მილიონი, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილი უნდა გადაიხადოს.
მეორე შენობა კი, რაც საპრივატიზაციო ობიექტებიდან გაიყიდა ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაა. შენობა $3.055 მილიონად გაიყიდა.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5–დან 2%–მდე შეგვიმცირა. პროგნოზის 2%–მდე შემცირების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თებერვალშიც განაცხადა, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის პარლამენტში წარდგენისას.
მიუხედავად პროგნოზის შემცირებისა, მთავრობა ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
კვირიკაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი კვარტლის ბოლოს უფრო ნათელი სურათი იქნება და პროგნოზიც შესაძლებელია უფრო მაღალი ალბათობით გაკეთდეს. შესაბამისად, ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება კვირიკაშვილის თქმით, უპრიანი მეორე კვარტლის ბოლოს იქნება.